Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player



AutoNews

news ერიდეთ შავ "აუდის"
 date 05.22.14 categoryCategory: MYAUDIGE / ნანახია:2422-ჯერ

რამდენიმე თვის წინ ახლობელთან მივდიოდი. ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში შავი "აუდი" იდგა, რომელსაც "ავარიულები" ჰქონდა ჩართული. მანქანის პატრონმა ხელი დამიქნია და გაჩერება მთხოვა. "კაცურად, ბენზინი გამითავდა და ჯიბეში კაპიკი არ მაქვს. იქნებ 2-3 ლიტრი გადმომისხა, რომ სახლამდე მივგორდე," - მითხრა საკმაოდ კარგად ჩაცმულმა ახალგაზრდა კაცმა.

საბარგულში შლანგი არ მქონდა – ისე, რომც მქონოდა "წუწაობა" მეზარებოდა. 5-ლარიანი მივაწოდე ახალგაზრდას და ვუთხარი:"სხვანაირად არ გამიგო, მეჩქარება, თორემ მე ჩაგიყვანდი ბენზინგასამართ სადგურამდე. აი, ძმაო, 5 ლარი, ჩადი "კანისტრით" სადგურამდე და ჩაასხი ბენზინი". ჯერ იუარა, მერე კი მითხრა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ოღონდ ჩემი მობილურის ნომერი ჩაიწერა – ამ 5 ლარს ანგარიშზე დაგირიცხავო. როგორც თქვენთვის არ დაურიცხავს, ისე არ დაურიცხავს ჩემთვის.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ამბავი ჩემს ახლობელს მოვუყევი. მან სიცილი დაიწყო. "ეგ ტიპი აფერისტია. ძირითადად ნუცუბიძის მიდამოებში "მუშაობს" ხოლმე. რამდენჯერმე სცემეს კიდეც. იცის მძღოლების სოლიდარობის ამბავი – 2-3 ლარს არ დააყვედრიან. თუ ზოგიერთმა მძღოლმა პატივი სცა და ბენზინგასამართ სადგურამდე ჩაიყვანა, ამ აფერისტს ბენზინი ბენზინად რჩება."

სულ რამდენიმე დღის წინ, გაგიკვირდებათ და ჩემი "ძველი ნაცნობი" კვლავ დავინახე. ამჯერადაც იგივე სქემა იყო – "ავარიულებჩართული" "აუდი" და ნაცნობი ტექსტი - "ძმაო, ბენზინი გამითავდა…" ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი. ჯერ ყველაფერი იუარა, ჩაჯდა მანქანაში და გაქცევა დააპირა. თუმცა, მისი შეჩერება მოვახერხე. დათოდ გამეცნო და მითხრა, რომ 25 წლის იყო.

"დაახლოებით ერთი წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. ძირითადად იქ ვდგავარ, საიდანაც ბენზინგასამართი სადგური მოშორებითაა. გამვლელ მანქანას ვაჩერებ, მძღოლთან მივდივარ და ვთხოვ, რომ ბენზინი გამითავდა და თუ შეუძლია, 2-3 ლარით დამეხმაროს. ყველას ჰგონია, რომ მართლა ბენზინი მჭირდება, რადგან მათხოვრის შეხედულება არ მაქვს.

- ყველა გაძლევს ფულს?
- სხვათა შორის, 

უმრავლესობა ფულს მაძლევს, თუ აქვთ, რა თქმა უნდა. 10 ლარიც კი მოუციათ. გოგოებთან მისვლა მიყვარს, "ნაგლები" არ არიან და ფულსაც იმეტებენ. 

- მუშაობის დაწყება არ გიცდია?
- კი ვცადე და მშენებლობაზე ვიმუშავე, დისტრიბუციაშიც მიმუშავია, მაგრამ ამაზე კარგად არცერთი საქმე არ გამომდის. დღეში 20 ლარზე ნაკლები არ მიშოვია. ხომ იცით, ქართველებს როგორ უყვართ გაჭირვებულს რომ ეხმარებიან, ჰოდა მადლს ვაკეთებინებ. 

- არ გცნობენ ხოლმე?
- ზოგჯერ მცნობენ. ერთხელ ერთმა მითხრა, ჩემ ხარჯზე იყიდე მანქანა, მერამდენედ უნდა მოგცე ბენზინის ფულიო. 

- შენი ოჯახის წევრებმა თუ იციან შენი "სამსახურის" შესახებ?
- არა. დედაჩემს ჰგონია, რომ ისევ მშენებლობაზე ვმუშაობ. ავადაა დედა და მუდმივად კონტროლს ვერ დამიწყებს. ამ საქმით იმდენს ვშოულობ, რომ სახლში არაფერს ვაკლებ დედას. არც წამალს და არც სხვა საჭირო ნივთებს. სამომავლოდ, მინდა რამე ნორმალური სამსახური ვიშოვო. სამწუხაროდ უმაღლესი განათლება არა მაქვს და ვიცი კარგი სამსახურის შოვნა გამიჭირდება, მაგრამ ნაცნობის დახმარებით ეგებ ვნახო რამე.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/102947-erideth-shav-qaudisq-interviu-thaghliththan-romelic-thbiliselebs-fuls-qatsersq.html#ixzz32SE7pYzQ



AUDI-ს შესახებ l საიტის წესები l პარტნიორობა l კონტაქტი


Developed and maintained by IKART SPACE
(c) 2011-2016, All Rights Reserved