თუ ვინმეზე შეიძლება იმის თქმა, რომ მანქანას ``კაცურად`` ატარებს, ერთ-ერთი მათგანი ეკო ფანგანია, რომელმაც მართვასთან ერთად ავტომობილის ტექნიკური მხარეც კარგად იცის, მძღოლობის დიდი გამოცდილება აქვს და რაც მთავარია, მის ანგარიშზე ავტოსაგზაო შემთხვევების ძალიან მცირე რაოდენობა ირიცხება.
- პირველი მანქანა შენი შემოსავლით იყიდე?
- ყველა მანქანა ჩემი შემოსავლით მაქვს ნაყიდი, შეიძლება, კრედიტის დამატება დამჭირვებია, მაგრამ ძირითადად ჩემი შემოსავლით ვყიდულობ, არ მიყვარს ასეთი რაღაცების მამაჩემისთვის თხოვნა. სულ სამი მანქანა მყავდა, დიდხანს ვიცი ხოლმე ერთი და იმავე მანქანის დატოვება, პირველი იყო ``ბმვ``, დანარჩენი ორი კი ``აუდი``, ``ბმვ`` კარგი მანქანაა, მაგრამ სედან ``ბმვ``-ს აღარ ვიყიდი. ``აუდიზე`` ამბობენ, რთულად შესანახიაო, მაგრამ ყველაფერი კარგი რთულად შესანახია, სამაგიეროდ, კარგად დადის, ზამთარში, თოვლში (იღიმის).
- ამდენწლიანი მძღოლობის მიუხედავად, მაინტერესებს, არასდროს გქონია თუნდაც მცირე ავტოსაგზაო შემთხვევა?
- მცირეე?!. პირველი ჩემი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პატრულს დავეჯახე, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო. მაშინ ახალი შემოსული იყო პატრული, ჩემ უკან რაღაც ხდებოდა, ასეთ ვითარებაში პატრულს აქვს უფლება, დაარღვიოს წესები და თუ საჭიროა, შუა ქუჩაში მოატრიალოს მანქანა. მე ჩემს გზაზე მივდიოდი, ვერ მოვასწარი დამუხრუჭება და დავეჯახე, მე დამბრალდა, რა თქმა უნდა, მაშინ ძალიან გამწარებული ვიყავი, ჩასაბერებიც კი არ იყო იმ დროს, ნარკოლოგიურში წამიყვანეს, ცუდად მახსენდება. ეტყობა, დაზღვევაც არ ჰქონდათ, პატრულის მანქანაც მე გამაკეთებინეს, ჩემიც ხომ თავისთავად გავაკეთე, მაგრამ დღესდღეობით ის პატრული ჩემი მეგობარია, გაჭირვებაში დავმეგობრდით. ერთხელ გია გუმბერიძეს დავეჯახე, ოღონდ ოდნავ. მამაჩემი მამშვიდებდა, ერთი-ორი თუ არ მიარტყ-მოარტყი, მანქანის ტარებას ვერ ისწავლიო და მეც პატრულით დავიწყე, რომ პირველივე ჯერზე დიდი გამოცდილება დამგროვებოდა და მეტი აღაფერი შემმთხვეოდა.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ``რეიტინგი``
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE